რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"Deep State შეტევას იწყებს" – რუსი პროპაგანდისტები ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს გეგმას აკრიტიკებენ

კრემლის პროპაგანდისტები აშშ-უკრაინის შეხვედრას აკრიტიკებენ და უარყოფენ, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება.

მანამდე, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდნენ, ევროპელი ლიდერები და ამერიკული მხარე კი ამბობს, რომ ახლა "ბურთი რუსეთის მოედანზეა". 

კრემლის პროპაგანიდსტი, ალექსანდრ დუგინი X-ზე წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "არასწორი ნაბიჯია" და ირწმუნება, რომ "ტრამპისტები ნელდებიან", ე.წ. Deep State კი "კონტრშეტევას დაუყოვნებლივ იწყებს". დუგინი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ე.წ. Deep State ტრამპის ნაბიჯებს აქებს და ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. 

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იმუშავებს, ეს არასწორი ნაბიჯია. [...]

როგორც ჩანს, ტრამპისტები ნელდებიან და Deep State კონტრშეტევას დაუყოვნებლივ იწყებს. ტრამპის საიდუმლო ძალიდან ძალამდე აღდგენაა, ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა. პაუზა მომაკვდინებელი რისკია. [...]

მთელი საერთაშორისო Deep State, EU, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მაკრონი და სტარმერი და კაია კალასი აქებენ ტრამპს ზელენსკისადმი მისი მოპყრობისა და ჯიდაში მისი მიღწევების გამო. მეტი რა გჭირდებათ, რომ დარწმუნდეთ, რომ რაღაც არასწორად მიდის? [...]

როგორც ეს რუსეთმა უწინ მრავალჯერ თქვა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, გრძელვადიანი მშვიდობის პირობების განხილვის გარეშე. ამჯერად ტრამპი არასწორია". - წერს დუგინი. 

რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანი, ვლადიმირ სოლოვიოვი თავის Telegram-არხზე აღნიშნავს, რომ "რუსეთს დროებითი ზავი არ სჭირდება" და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსული პოზიცია უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკვე აღნიშნა. 

"რუსეთს დროებითი ზავი არ სჭირდება, რუსეთს გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება. 20 იანვარს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვლადიმირ პუტინმა უკვე გასცა პასუხი კითხვას, რომელიც ყველას ადარდებს". - წერს სოლოვიოვი. 

ამასთან, რუსი სამხედრო პროპაგანდისტი ალექსანდრ კოცი Telegram-ში წერს, რომ ერთი თვის განმავლობაში უკრაინა ძალებს მოიკრებს და ირწმუნება, რომ ზელენსკისა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება "სპექტაკლი" იყო, რომელიც "მშვიდობის გულისთვის ნამდვილად არ დადგმულა".

"ესე იგი, ისინი კვლავ ხსნიან შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის ნაკადს. უკრაინა თვის განმავლობაში ამ ყველაფერს დააგროვებს და ომის გაგრძელებაში დამნაშავე რუსეთი იქნება? საინტერესოა, მაინც რაზე მოხარეს უკრაინა წიაღისეულის გარდა? მხოლოდ ამის გამო ხომ არ ყოფილა ეს სპექტაკლი ონკანის გადაკეტვით. მშვიდობის გულისთვის ნამდვილად არ დადგმულა. მოკლედ, განვაგრძობთ ომს და ველოდებით, ახლა რას გაგვიმკაცრებს ვაშინგტონი". - წერს კოცი.

ერთ-ერთი სამხედრო პროპაგანდისტი, ბორის როჟინი Telgram-არხზე წერს, რომ რუსეთისთვის ომის მიზნების მიღწევის გარეშე 30-დღიან ზავს "აზრი" არ აქვს. 

"ზელენსკის ბანდა აცხადებს, რომ დაუყოვნებლივი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის არის მზად და აშშ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას განაახლებს. რა აზრი აქვს რუსეთისთვის 30-დღიან ზავს სპეციალური საომარი ოპერაციის მიზნების მიღწევის გარეშე?". - წერს როჟინი. 

გარდა ამისა, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე კრემლის პროპაგანდისტების რეაქციის შესახებ ომის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტიც (ISW) წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და ყოფილმა ლეიტენანტ-გენერალმა ვიქტორ სობოლევმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება "მიუღებლად" შეაფასა, რადგან, მისი მტკიცებით, უკრაინა ამ პერიოდში ძალებს მოიმატებს. 

"რუსულმა ულტრანაციონალისტურმა ხმებმა, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, 11 მარტს დიდწილად უარყვეს ცეცხლის შეთანხმების შეთავაზება. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, მათ შორის კრემლის მხარდაჭერილმა სამხედრო ბლოგერებმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება უარყვეს, რადგან აშშ და უკრაინა, მათი მტკიცებით, მშვიდობას "პირველივე შესაძლებლობისთანავე" "მიატოვებენ" და უკრაინაში ომი რუსეთისთვის ეგზიტენციურია. ერთ-ერთმა სამხედრო ბლოგერი ირწმუნებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება "წმინდად ღალატი და საბოტაჟი" იქნება. [...] ვიქტორ სობოლევმა საერთო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის "მიუღებელ" წინადადებას არ დათანხმდება, რადგან ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, ხელახლა შეიარაღდნენ და გადაჯგუფდნენ". - წერს ISW. 

როგორც ISW აღნიშნავს, კრემლის პროპაგანდისტების მკაფიო რიტორიკის ფონზე, "რუსული სახელმწიფო მედია, სავარაუდოდ, ცდილობს, რომ რუსული რეაქცია შიდა აუდიტორიისთვის მოზომილად წარმოაჩინოს, სანამ კრემლის თანამდებობის პირები საჯარო განცხადებებს გააკეთებენ და შეთავაზებისთვის რუსული მედიის გაშუქების უფრო ფართო ჩარჩოს არ მიაწოდებენ". 

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ აუქმებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაზე დაწესებულ პაუზას უკრაინასთან.

"უკრაინამ გამოტქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.

ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება". 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ოვალურ კაბინეტში გამართული კატასტროფული შეხვედრიდან მალევე ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც უკრაინელებს რუსეთზე შორი რადიუსის იერიშების მიტანაში ეხმარებოდა.

კომენტარები