აშშ-კანადა

ტრამპი კანადას დამატებითი ტარიფებით და უსაფრთხოების სფეროში დახმარების შეწყვეტით ემუქრება

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, 2025 წლის 4 მარტი.
Win McNamee/Pool/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაჭრობის მდივანს დაავალა, კანადიდან იმპორტირებულ ფოლადზე და ალუმინზე დაწესებული ტარიფები დამატებით 25%-ით, ჯამში 50%-მდე გაზარდოს.

ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 12 მარტს შევა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კანადას, აშშ-ს რძის ნაწარმზე შეამციროს ტარიფები. 

მე მალე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ელექტროენერგიაზე იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საფრთხე ემუქრება. ეს საშუალებას მისცემს აშშ-ს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა კანადიდან მომდინარე შეურაცხმყოფელი საფრთხე შეამსუბუქოს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ კანადა სხვა ტარიფებსაც არ გააუქმებს, აპრილიდან აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე დააწესებს სანქციებს, რაც, ტრამპის თქმით სამუდამოდ დახურავს ავტომობილების წარმოების ბიზნესს კანადაში. ამასთან ერთად, ტრამპი კანადას სამხედრო სფეროში დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

"კანადა ძალიან ცოტას ხარჯავს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და აშშ-ს სამხედრო დახმარების იმედი აქვს. ჩვენ კანადას $200 მილიარდზე მეტით ვაფინანსებთ. რატომ? ასე ვერ გაგრძელდება" – წერს ტრამპი.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანადას შეუძლია გახდეს აშშ-ს 51-ე შტატი, რის შედეგადაც მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სავაჭრო ბარიერი გაუქმდება.

ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ორშაბათიდან აშშ-ს სამი შტატისთვის ელექტროენერგიის ფასს 25%-ით გაზრდის.

ფორდის მიხედვით, ფასის 25%-იანი ზრდა ნიუ იორკის, მინესოტასა და მიჩიგანის მაცხოვრებლებსა და ბიზნესებს ელექტროენერგიის გადასახადს თვეში საშუალოდ $100 დოლარით გაუზრდის. 

ფორდმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დამატებით ტარიფებს დაუწესებს კანადას, ელექტროენერგიას სრულად გათიშავს. 

"თუ აშშ მოახდენს ესკალაციას, მე უყოყმანოდ, სრულად გავთიშავ ელექტროენერგიას. მერწმუნეთ, არ მინდა ამის გაკეთება, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ამერიკელი ხალხის წინაშე, რადგან ამერიკელ ხალხს არ დაუწყია სავაჭრო ომი. მხოლოდ ერთი ადამიანია ამაში პასუხისმგებელი და ის პრეზიდენტი ტრამპია" – თქვა ფორდმა. 

კომენტარები