რუსული რეჟიმი

რეჟიმი დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას ზრდის - ცვლილებები რეგლამენტში

ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის პარლამენტში ახალი რეგლამენტი დაარეგისტრირა, რომლის ფარგლებშიც დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებასა და მის საქმიანობაში ცვლილებები შედის.

ცნობისთვის, აქამდე ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.

ასევე, აღსანიშნია, რომ დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით - თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

ახლად დარეგისტრირებულ რეგლამენტში შესული სარედაქციო ცვლილებები ჯამში ოთხ მუხლს შეეხო - 70-ე მუხლში შესული ცვლილებების მიხედვით, დროებით საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია "საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, თუკი ამის ეჭვი არსებობს".

"დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

ამასთანავე, დროებითი საგამოძიებო კომისია, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, რისთვისაც მას მიაწოდებს საქმის სათანადო მასალებს". - წერია რეგლამენტში.

 

კომენტარები