NATO-აშშ

მასკი ფიქრობს, რომ აშშ-მ NATO უნდა დატოვოს და ევროპის თავდაცვისთვის გადახდა შეწყვიტოს

ილონ მასკი
Bloomberg/Getty Image

მილიარდერი ბიზნესმენი და აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი მხარს უჭერს აშშ-ს მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, NATO-ს დატოვებას. 

X-ზე მასკი გამოეხმაურა პოსტს, რომელშიც მომხმარებელი აშშ-ს NATO-დან გამოსვლისკენ მოუწოდებდა: "დატოვე NATO ახლავე!". 

"ჩვენ ეს მართლაც [უნდა გავაკეთოთ].

უაზრობაა, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს". - დაწერა Tesla-ს, Starlink-ისა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა X-ზე. 

ამასთან, 3 მარტს მასკმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ის ეთანხმებოდა ერთ-ერთ კონსერვატორ ჟურნალისტს, რომ აშშ-ს როგორც NATO, ისე გაერო უნდა დაეტოვებინა. 

ცნობისთვის, 6 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ აშშ არ დაიცავს NATO-ს წევრ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაში საკმარისს არ ხარჯავენ. 

"საღი აზრია, არა? თუ არ გადაიხდიან, მე მათ არ დავიცავ. არა, მე მათ არ დავიცავ. 

კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვიე, როდესაც ეს ვთქვი. ამბობდნენ, NATO-ს [წესებს] არღვევსო. NATO-ში ჩემი მეგობრები არიან. [...]

თუმცა, უდიდესი პრობლემა, რაც NATO-სთან მაქვს, არის ის, რომ აშშ განსაცდელში რომ ჩავარდეს და ჩვენ მათ დავურეკოთ და ვუთხრათ, "ჩვენ პრობლემა გვაქვს, საფრანგეთო, ჩვენ პრობლემა გვაქვს კიდევ რამდენიმევ", რომელთა სახელსაც არ დავასახელებ, გგონიათ ისინი მოვლენ და დაგვიცავენ?

წესით, ასეც უნდა მოიქცნენ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ მას ეს შეხედულება წლებია, აქვს და 2017-2021 წლებში, პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშიც გაუზიარებია NATO-ს ლიდერებთან და მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრებმა ბოლო წლებში თავდაცვის ხარჯები გაზარდეს, ტრამპის თქმით, "ეს ახლაც არ არის საკმარისი, ისინი მეტს უნდა იხდიდნენ". 

ამასთან, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი NATO-ს უყურებს, როგორც "პოტენციურად კარგს", თუ თავდაცვის დანახარჯების საკითხი გამოსწორდებოდა.

"ისინი ვაჭრობის საკითხში პრობლემებს გვიქმნიან". - თქვა ტრამპმა ალიანსზე. 

კომენტარები