აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ერთმანეთს ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.
როგორც NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ტრამპმა და რუტემ "გლობალური უსაფრთხოების მრავალ საკითხზე" ისაუბრეს.
"რუტეს რეპუტაცია აქვს, რომ მას ტრამპთან მუშაობა შეუძლია, რაც მან ნიდერლანდების პრემიერმინისტრობის პერიოდში აჩვენა. აშშ-ს [2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო] არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუტემ ტრამპის მიერ პირველ საპრეზიდენტო ვადაში გაწეული სამსახური შეაქო". - წერს გამოცემა Bloomberg.
გამოცემის ცნობითვე, 1-ელ ოქტომბერს, NATO-ში რუტეს პირველ სამუშაო დღეს, რუტემ ტრამპი NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად ალიანსზე ზეწოლისთვისა და ჩინეთზე ფოკუსირებისთვის შეაქო - "ვფიქრობ, ის მართალი იყო" - თქვა რუტემ.
თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპს რამდენჯერმე გამოუხატავს სკეპტიციზმი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაცემულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და უთქვამს, რომ მას რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ.
დონალდ ტრამპს ასევე ხშირად უთქვამს, რომ იგი არ დაიცავს NATO-ს წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსის თავდაცვის ხარჯების მიზნებს ვერ ასრულებენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მან NATO-ს წევრები გააფრთხილა, რომ "იგი წაახალისებდა" კიდეც რუსეთს, რომ ასეთი ქვეყნებისთვის "ის გაეკეთებინა, მას რაც სურდა".
თავის მხრივ, NATO-ს ახლად დანიშნული გენმდივანი, მარკ რუტე უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია და უთქვამს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა კიევის პირობების ირგვლივ უნდა მოხდეს.





