აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ 6 მარტს თეთრ სახლში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.
"დაპირისპირება არ ყოფილა. იქ ვიყავი". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე 6 მარტს მომხდარი კამათის შესახებ, ხოლო თავად შეკითხვის ავტორ ჟურნალისტს პროვოკატორი (Troublemaker) უწოდა.
ტრამპის თქმით, "ილონი და მარკო კარგად ეწყობიან ერთმანეთს და ორივე ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებს".
ცნობისთვის, გამოცემა The New York Times-მა ცოტა ხნის წინ 6 მარტს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირებების დეტალები გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მწვავედ იკამათეს.
რაზე იკამათეს მასკმა და რუბიომ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე? – NYT დეტალებს ავრცელებს
NYT-ის ცნობით, შეხვედრაზე მასკმა რუბიო დაადანაშაულა, რომ რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე პერსონალიდან საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ გაათავისუფლა.
"შენ არავინ გაგითავისუფლებია" - უთხრა მასკმა რუბიოს და დაამატა, რომ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მან ალბათ გაათავისუფლა, მასკის დეპარტამენტიდან იყო.
შეხვედრაზე მილიარდერმა ანტრეპრენერმა სახელმწიფო მდივანთან დაპირისპირებამდე იკამათა აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრთან, შონ დაფისთანაც.
NYT-ის ცნობით, დაფიმ თქვა, რომ მასკის ჯგუფის ახალგაზრდა წევრები საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების გათავისუფლებას ცდილობდნენ.
"რა უნდა გავაკეთო? თვითმფრინავის ჩამოვარდნის რამდენიმე შემთხვევაა, რომლებსაც უნდა მივხედო და შენს ხალხს უნდა, რომ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები გავათავისუფლო?" - როგორც გამოცემა წერს, ჰკითხა ტრანსპორტის მინისტრმა მასკს.
შეხვედრიდან მალევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკის ხარჯების შემცირების სამუშაო ჯგუფის შეზღუდვა დაიწყო და თავის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა, რომ "ყველაზე პროდუქტიული" ფედერალური თანამშრომლები გათავისუფლებისგან დაიცვან.
"როდესაც მინისტრები გაეცნობიან და უკეთ გაიგებენ, ვინ მუშაობს სხვადასხვა უწყებაში, მათ ზუსტად ეცოდინებათ, ვინ დარჩება და ვინ უნდა წავიდეს. ჩვენ ვიყენებთ 'სკალპელს' და არა 'ნაჯახს'". - შეხვედრის დასრულებისთანავე, დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.