დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის ადმინისტრაციამ იემენელი ჰუსიტები კვლავ ტერორისტულ ორგანიზაციათა შეიყვანა

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაში
სოციალური მედია / X

4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.

ცნობისთვის, ბოლო ერთ წელზე მეტი ხანია, რაც იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში კომერციულ გემებსა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს თავს ესხმიან.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს მას შემდეგ, რაც რეგიონში ჰუსიტები ასობით გემს დაესხნენ თავს.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის, ამერიკელი ხალხის დაცულობისა და აშშ-ს უსაფრთხოების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგულებას. ტერორისტთა სიაში შეყვანა გადამწყვეტ როლს თამაშობს ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში და ეფექტური გზაა, რათა შეიზღუდოს ტერორისტული ქმედებების მიმართ მხარდაჭერა". - თქვა რუბიომ.

მან ასევე ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ჰუსიტებთან კავშირების შენარჩუნებას შეეცდებიან, გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის თავდასხმებისას "ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებს არ შეეხნენ, ხოლო ამერიკისა და მოკავშირეების გემები მიზანში ამოიღეს".

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ "არ იქნება ტოლერანტული ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც ჰუსიტების მსგავს ტერორისტულ ორგანიზაციებთან იჭერს საქმეს ლეგიტიმური საერთაშორისო ბიზნესის წარმოების სახელით".

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იემენელი ჰუსიტები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში დაბრუნების თაობაზე აღმასრულებელ ბრძანებას 23 იანვარს მოაწერა ხელი.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული დაჯგუფება საფრთხეს უქმნის აშშ-ს მშვიდობიან მოქალაქეებსა და პერსონალს ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ემუქრება ჩვენი რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოებას და გლობალური საზღვაო ვაჭრობის სტაბილურობას".

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების (IRGC-QF) მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღით ამარაგებს და წვრთნის, ჰუსიტებმა 2023 წლის შემდეგ არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს, რითაც საფრთხე შეუქმნეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს". - წერია ბრძანებაში.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა იემენელი ჰუსიტების დაჯგუფება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიაში პირველად 2021 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს შეიყვანა, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ თვეში შეცალა.

კომენტარები