2025 წლის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები

პუტინი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი ბადრა გუნბა და ვლადიმირ პუტინი, 5 მარტი, 2025, მოსკოვი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს ბადრა გუნბას შეხვდა, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მის მიერ აღებულ შედეგს "კარგი" უწოდა.

"თქვენთვის ახალი არაფერი არ არის: თქვენ დიდხანს მუშაობდით და მანამდე ვიცეპრეზიდენტი იყავით. ვიცი, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ მღელვარე იყო ემოციებით. მთავარია, რომ ხალხი მოვიდა, საკუთარი სურვილები და არჩევანი გამოხატა. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ბუნების შესახებ, იცით იმ პრობლემების შესახებ, რაც არსებობს და გადაჭრა სჭირდება, პრობლემების გადაჭრაზე, რასაც ხალხი ელოდება. ჩვენ ვიმუშავებთ". - უთხრა პუტინმა გუნბას. 

თავის მხრივ, გუნბამ პუტინს "აფხაზი ხალხის მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა და რუსეთს "მთავარი სტრატეგიული მოკავშირე" უწოდა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი მარშანის თქმით, 1-ელ მარტს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54.73% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ ხმების 41.54% დააგროვა.

ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგი ე.წ. პრეზიდენტი კრემლის ფავორიტი მარიონეტი ბადრა გუნბა გახდება. 

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. 

არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%. 

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.

კომენტარები