თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს, აქამდე საქმე განსახილველად მოსამართლე ნინო თარაშვილს ეწერა. ამ მიზეზით, ორმა ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა.
ადვოკატმა გუგა ავსაჯანიშვილმა შუამდგომლობის დასაბუთებაში თქვა, რომ შვანგირაძეს საქმე გუშინ, 4 მარტის საღამოს დაწერა, შესაბამისად, ამ პერიოდში ის საქმის მასალების გაცნობას ვერ მოასწრებდა. ავსაჯანიშვილის თქმით, მოსამართლის აცილების კიდევ ერთი მიზეზია, რომ ის შვანგირაძე პროკურორი იყო.
ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. სასამართლომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, "წინარე საქმიანობა აცილების საფუძველი არ არის". ასევე, როგორც მოსამართლემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გუშინ დააწერეს, მასალების გაცნობა მაინც მოასწრო.
"მართალია გუშინ დამეწერა მე აღნიშნული საქმე განსახილველად, თუმცა მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩავდე იმაში რომ გავცნობოდი ამ საქმეს, საქმის მასალებს რომ არ ვიცნობდე, ჩვენ არ დავიწყებდით საქმის განხილვას". - თქვა მოსამართლემ.
გარდა ამისა, სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ერთ-ერთი პროკურორის, ვაჟა თოდუას აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან ის სანქცირებულია. მიგინეიშვილის შუამდგომლობას დაცვის მხარის ყველა ადვოკატი დაეთანხმა.
"ეს ინფორმაცია სანქციებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მასმედიის საშუალებით, აღნიშნული, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სავარაუდოდ ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით , სადაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება […] ბუნებრივია, ასეთ დანაშაულებზე რეაგირებისთვის უცხო სახელმწიფოს არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რაზეც საუბრობდა დაცვის მხარე". - თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
ადვოკატმა გუგა ავსაჯანიშვილმა მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"არ დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა, ვინაიდან უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქმედი საჯარო მოხელეების დასანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, არ წარმოადგენს აცილების საფუძველს" - თქვა მოსამართლემ.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





