მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინა წიაღისეულის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან.
Reuters-ის ცნობით, ტრამპმა მრჩევლებთან თქვა, რომ შეთანხმების შესახებ გამოცხადებას კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს სურს. ამის შესახებ სამმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. თუმცა ხაზგასმულია, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ ხელმოსაწერია და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით 4 მარტს გამოვა. გასულ დღეს ტრამპმა თქვა, რომ 4 მარტის ღამე მნიშვნელოვანი იქნებოდა. "ვიტყვი ყველაფერს ისე, როგორც არის!" - თქვა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, "უკრაინასთან მინერალების შეთანხმება მკვდარი არაა".
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. თავდაპირველად ამერიკული გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.
ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტი მეტად გააღიზიანა.
3 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ომის დასრულების შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორს არის და ჯერ არავის დაუწყია ამ ნაბიჯების გადადგმა".
ტრამპი ზელენსკის განცხადებას საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და მას "ყველაზე ცუდი" უწოდა, რაც კი "ზელენსკის შეიძლება, გაეკეთებინა".
"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი შეიძლება ზელენსკის გაეკეთებინა. ამერიკა ამას აღარ შეეგუება. ეს არის ის, რასაც ვამბობდი, ამ კაცს არ უნდა მშვიდობა მანამ, სანამ მას აშშ-ს მხარდაჭერა აქვს და ევროპელებმა, ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ აშშ-ს გარეშე ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. ალბათ, არ იყო საუკეთესო განცხადება, რაც რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად შეიძლება გააკეთო. რაზე ფიქრობენ?" - დაწერა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მალევე დაწერა, რომ უკრაინას "მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი აქვს", ხოლო "მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო".
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
28 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს მეტად დადებითად შეხვდნენ კრემლში.
რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?