ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "FARA"-ს კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
სხდომაზე კანონპროექტი ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა და მუხლები პრინციპების დონეზე განიხილა.
"ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც არის დეტალური თარგმანი ამერიკული კანონისა. [...] პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს".
[...] მუხლი პირველი განსაზღვრავს ტერმინებს. მაგალითად, მოცემულია ვინ არის პირი, ვისაც ეს კანონი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკული კანონი, თავდაპირველ ქართულ გამჭვირვალობის კანონისგან განსხვავებით, ვრცელდება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, ვინც იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან ან მოქმედებენ უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის დავალებით. ქართული გამჭვირვალობის კანონი კი ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე, ერთი მაგალითი, თუ რამდენად უფრო მკაცრია ამერიკული კანონი.
მეორე მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადება, თუ რა განცხადება უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში.
მესამე მუხლი განსაზღვრავს გამონაკლისებს, თუ რომელ პირზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება.
მეოთხე მუხლით განსაზღვრულია პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაცია, და შესაბამისი რეგულაციები.
მეხუთე მუხლი დოკუმენტების და ჩანაწერების წარმოებას გულისხმობს.
მეექვსე მუხლით ოფიციალური საჯარო მონიტორინგის, ჩანაწერების და ინფორმაციის გადაცემის წესია დარეგულირებული.
მეშვიდე მუხლის მიხედვით, უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირების პასუხისმგებლობაზეა საუბარი.
ხოლო მერვე მუხლი განსაზღვრავს აღსრულებასა და ჯარიმებს.
მეცხრე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულად იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებები იქნება.
ხოლო მეათე ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.". - გორდულაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 3 მარტს "FARA-ს" კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ.
კომიტეტის სხდომაზე ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ მოხდება აღნიშნული ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება. მაგალითად, კანონის აღმასრულებელი იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ქართულ რეალობაში "ფიზიკურად" არ არსებობს.





