პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "FARA-ს" კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ.
კომიტეტის სხდომაზე ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ მოხდება აღნიშნული ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება. მაგალითად, კანონის აღმასრულებელი იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ქართულ რეალობაში "ფიზიკურად" არ არსებობს.
გორდულაძემ ასევე თქვა, რომ ახლა იღებენ "კიდევ უფრო მკაცრ, მაგრამ ეფექტურ კანონს და თუ ვინმეს რამე პრეტენზია ექნება, შეუძლიათ ეს პრეტენზია გამოხატონ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მაღალი ხარისხით, აშშ-ში, უნდათ თეთრ სახლთან, უნდათ კონგრესთან".
24 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.





