უკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, აშშ-ს კონგრესსა და ამერიკელ ხალხს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.
რადა მიესალმება ტრამპის ინიციატივას სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ, ასევე აშშ-სა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებასა და მინერალებზე შეთანხმების გაფორმებას ემხრობა.
"უკრაინის უმაღლესი რადა მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც მიზნად მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს
უკრაინის უმაღლესი რადა ხაზს უსვამს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარების საჭიროებას, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მინერალების გამოკვლევის მხრივ". - წერია მიმართვაში.
განცხადებაში წერია, რომ უკრაინელ ხალხს "მშვიდობა მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს" და სწამს, რომ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
"უკრაინელ ხალხს მშვიდობა მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს და სწამს, რომ დონალდ ტრამპის პიროვნული როლი და მისი მშვიდობისმყოფლური ძალისხმევები საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტისთვისა და უკრაინისთვის, ევროპისთვისა და მთლიანი მსოფლიოსთვის მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი იქნება". - წერია მიმართვაში.
გარდა ამისა, რადა ტრამპს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისა და უკრაინისთვის მიწოდებული უსაფრთხოების დახმარების პაკეტებისთვის მადლობას უხდის
"უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით უღრმეს მადლობას უხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-ს კონგრესსა და ამერიკელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მათი მყარი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის მიწოდებული უსაფრთხოების დახმარების პაკეტებისთვის, რომლებმაც ფრონტის ხაზზე ვითარების სტაბილიზებას შეუწყვეს ხელი". - წერია მიმართვაში.
რადას განცხადებაში ასევე ხაზგასმულია აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის.
"დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა უზრუნველყოფს ჩვენი ერის უსაფრთხოებასა და სტაბილური განვითარებას და ირეკლავს ღირებულებებს, რომლებიც ამერიკის ისტორიული წარმატების საფუძველი იყო, რომლებიც მილიონობით უკრაინელს შთააგონებს.
ამჟამად ეს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე მთლიანი ევროპის კონტინენტის გარშემო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ". - წერია მიმართვაში.
რადა წერს, რომ უკრაინა პატივს სცემს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, რომ აშშ-ს გლობალური ლიდერობა აღადგინოს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სცენაზე აშშ-ს ლიდერობა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალებსა და საერთაშორისო შეთანხმებების დაცვას უკავშირდება.
"უკრაინა ღრმად სცემს პატივს დიდი ამერიკელი ხალხის მისწრაფებას, რომ აშშ-ს გლობალური ლიდერობა ყოვლისმომცველად აღდგეს. ამავდროულად, მტკიცედ გვწამს, რომ აშშ-ს ლიდერობა საერთაშორისო სცენაზე განუყოფლად არის მიბმული თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალების დაცვასთან, საერთაშორისო შეთანხმებების დაცვასთან და მოკავშირეებთან და მეგობრებთან ურთიერთობებში სანდოობასთან". - წერია მიმართვაში.
როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, რადა ხელახლა ადასტურებს, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს.
"უკრაინის უმაღლესი რადა ხელახლა ადასტურებს, რომ უკრაინა უნდა დარჩეს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ, ხოლო უკრაინელი ხალხი - თავისუფლად და დაუპყრობლად. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" - წერია მიმართვაში.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
28 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს მეტად დადებითად შეხვდნენ კრემლში.
წაიკითხეთ მოსაზრება 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარის შესახებ:
რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?





