FARA-ს ანალოგი

გორდულაძე FARA-ზე: ამერიკული კანონი ვრცელდება ნებისმიერ კორპორაციაზე, მეწარმეზე

ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე FARA-სთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამერიკული კანონი ვრცელდება ნებისმიერ კორპორაციაზე, მეწარმესა და მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც. 

"თუ დღეს მოქმედი გამჭვირვალობის ქართული კანონი მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც. იქ ფიზიკური პირი შეიძლება ჩათვლილი იყოს როგორც უცხოურ ძალად, ასევე აგენტად. ვრცელდება ნებისმიერ კორპორაციაზე, მეწარმეზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ორგანიზებული - იქნება ეს შპს თუ არა შპს, იქნება ფიზიკური თუ არაფიზიკური პირი - პირების გაერთიანება იურიდიული პირის სტატუსის გარეშე. ნებისმიერი ფორმა, რაც კი საკანონმდებლო სივრცეში არსებობს, აბსოლუტურად ყველაზე ვრცელდება.

ერთი დათქმით, აუცილებელია, რომ აგენტმა უნდა შეასრულოს თავისი პრინციპალის... - უცხოური ძალის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, მისი დავალებების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად, პოლიტიკურ საქმიანობებსა და აქტივობებში უნდა იყოს ჩართული. არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობებში, იქნება ეს სარეკლამო თუ ნებისმიერი ისეთი ფორმა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს [...] ამერიკული კანონის მიხედვით, 1 ცენტიც კი, ანუ 1 თეთრიც კი შეიძლება გახდეს სავალდებულო ხასიათის, რომ კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდეს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ამერიკული კანონი გაცილებით მკაცრია, მათ შორის, პასუხისმგებლობის ნაწილში". - თქვა გორდულაძემ პარლამენტში FARA-ს კანონის პირველი მოსმენით განხილვის დროს.

დღეს, 3 მარტს, ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "FARA-ს" კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ.

კომიტეტის სხდომაზე ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ მოხდება აღნიშნული ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება. მაგალითად, კანონის აღმასრულებელი იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ქართულ რეალობაში "ფიზიკურად" არ არსებობს.

გორდულაძემ ასევე თქვა, რომ ახლა იღებენ "კიდევ უფრო მკაცრ, მაგრამ ეფექტურ კანონს და თუ ვინმეს რამე პრეტენზიაექნება, შეუძლიათ ეს პრეტენზია გამოხატონ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მაღალი ხარისხით, აშშ-ში, უნდათ თეთრ სახლთან, უნდათ კონგრესთან".

კომენტარები