უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ, 2 მარტს, დიდ ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ზელენსკის სპიკერის, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ვრცელდება.
მედიის ცნობით, შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით ჩატარდება.
დღეს, 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს დაუნინგ სტრიტზე, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეხვდებიან.
ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში, სტენსტედის აეროპორტში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე დაეშვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა. 28 თებერვალს ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს შეხვდა, რომელიც კამერების წინ მწვავე კამათში გადაიზარდა.
ამასთან, ზელენსკი ხვალ, 2 მარტს ლონდონში დაგეგმილ ევროპელ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე იმსჯელებენ.
მანამდე, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათში გადაიზარდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.