ოკუპირებული აფხაზეთი

უკრაინის საგარეო: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ვგმობთ და არ ვაღიარებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა კიევში
Apostrophe.ur

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გმობს და არ აღიარებს. 

"უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ცნობისთვის, დღეს, 1 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა

მანამდე, 15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.


2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები.

კომენტარები