ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი "საპრეზიდენტო" კანდიდატი - ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა.
არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%.
Эхо Кавказа-ს ცნობით, "საპრეზიდენტო" კანდიდატებმა ხმები უკვე მისცეს.
ხმა მისცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ვალერი ბგანბამაც.
როგორც Эхо Кавказа წერს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ვალიდურად ჩაითვლება, თუ ე.წ. არჩევნებში "მოქალაქეების" 25% მიიღებს მონაწილეობას.
გამოცემის ცნობით, დღის 12:00 საათისთვის ე.წ. ამომრჩეველთა აქტივობა 21%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, 15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.
-
უკრაინის საგარეო: აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ვგმობთ
-
EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
-
ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
-
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.
19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები.





