გერმანია-საქართველო

წულაძე BMBF-ის გადაწყვეტილებაზე: გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები

ივანიშვილის წარმომადგენელი, ალექსანდრე წულაძე გერმანიის საელჩოს მიერ გაკეთებულ გაცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის "გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები".

წულაძის თქმით ამ მიზნებსა და ინტერესებზე "მოგვიანებით ისაუბრებენ".

"თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.

ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას.

აქვე დავამატებ, რომ პირადად ჩემთვის გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ". - ამბობს წულაძე.

საქართველოში გერმანიის საელჩომ დღეს გაკეთებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრომ ამ ეტაპზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობა შეაჩერა."

გერმანიის საელჩოს განცხადებით, BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

26 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა დაწერა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს. ფიშერმა აღნიშნა ,რომ გადაწყვეტილება საქართველოში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვიდან და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტას უკავშირდება.

კომენტარები