გერმანია-საქართველო

BMBF ღიაა დიალოგისთვის, თუ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება - საელჩო

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. 

26 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა დაწერა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს. ფიშერმა აღნიშნა ,რომ გადაწყვეტილება საქართველოში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვიდან და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტას უკავშირდება.

გერმანიის საელჩო განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სტუდენტური გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება. 

"როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან. ამავდროულად BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც გაეროს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს.

BMBF-ი რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს ასევე შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება" - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პეტერ ფიშერის მიერ 26 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, ალექსანდრე წულაძეც და დაწერა რომ "გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა".

კომენტარები