ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტი "REACT" (მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის) გამოაცხადა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1 568 328 ევროს შეადგენს.
როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სიმტკიცის გაძლიერებასა და მათთვის შესაძლებლობის მიცემას, გაუმკლავდნენ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და გააგრძელონ ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო აქტიურობის გაძლიერებაში წვლილის შეტანა.
პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, ე.წ. crowdfunding, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.
"REACT პროექტი უზრუნველყოფს საჭიროებაზე დაფუძნებულ კონსოლიდაციას სამოქალაქო საზოგადოებისა არამხოლოდ თვითონ სექტორის შიგნით, არამედ სხვადასხვა სფეროებშიც, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესებს, მედიასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის კოლაბორაციის ხელშეწყობას. ამასთან, ის ფოკუსირდება სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მისი მდგრადობის გაუმჯობესებაზე.
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის ძირითადი მიზნის შესაბამისად, REACT-მა ჩამოაყალიბა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, როგორც სექტორის ფუნქციური ინსტიტუციური ხერხემალი საქართველოს 10-ვე რეგიონში. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს სათემო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტორებს, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, ადვოკატირების უნარები და ადგილობრივ თემებთან კომუნიკაცია ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად". - აღნიშნულია რელიზში.
რელიზის მიხედვით, REACT-ს აქვს ორი კონკრეტული მიზანი:
1. გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის, ადგილობრივ ბიზნესები, მედია და უფრო ფართო საზოგადოება და მოამზადოს ისინი, როდესაც ამისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, ხელისუფლებასთან მნიშნველოვანი დიალოგისთვის.
2. გააძლიეროს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობები, კერძოდ, მათი ფინანსური დივერსიფიკაციის სტრატეგიების გაუმჯობესებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით.
პროექტში ჩართულები იქნებიან:
500 ორგანიზაცია (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები) რეგიონების მასშტაბით.
3 000 მოქალაქე (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიკოსები) რეგიონების მასშტაბით.
50 ბიზნეს სუბიექტო რეგიონების მასშტაბით.
REACT პროგრამა 2025 წლის 1-ელ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 1-ელ იანვარს დასრულდება.