საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება რამდენიმე კვირაში ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა აღნიშნა, რომ დასავლეთმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და საწყის ეტაპზე საჭიროა ზავი, რომელიც "შეიძლება, შემოწმდეს და შეფასდეს".
ამის შესახებ მაკრონმა Fox News-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ჟურნალისტმა მაკრონს ჰკითხა, იზიარებს თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რწმენას, რომ ომი ნამდვილად შეიძლება რამდენიმე კვირაში დასრულდეს.
"ამას ვიმედოვნებ. [...] ისინი [უკრაინელები] უბრალოდ თავიანთ ტეროტორიასა და თავიანთ სუვერენიტეტს იცავენ. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის გამოჩენა რევოლუციურია. ვფიქრობ, მას აქვს აშშ-ს შეკავების შესაძლებლობები, რათა რუსეთთან ხელახლა ჩაებას.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესრულებადია. ჩემი შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა, ჯერ რაღაც გვჭირდება, ზავი, რომელიც შეიძლება შემოწმდეს და შეფასდეს, და სრულფასოვანი მოლაპარაკებები". - თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავზე, 24 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა და ტრამპს შეხვდა. ამ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტით ჩასვლას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ასევე აპირებს.
ცნობისთვის, გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.
როგორც Telegraph აღნიშნავდა, სტარმერის თქმით, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შესაკავებლად ამ გეგმას აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება. გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს.
მანამდე, აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა გააკეთა განცხადება, რომ მაკრონი და სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდოდნენ.
მოგვიანებით, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა დაადასტურა, რომ მაკრონი შემდეგ კვირას ტრამპს შეხვდებოდა.
ცნობისთვის, 19 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.
"ჩვენ ყველა მხარესთან ჩართული ვართ და შემდეგი ნაბიჯი, ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება წინ წასასვლელად და მეტ დეტალზე სასაუბროდ". - თქვა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში





