რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

EU უკრაინას იშვიათი წიაღისეულის შესახებ ორმხრივად მომგებიან შეთანხმებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ევროკომისარი ინდუსტრიული სტრატეგიის საკითხებში სტეფან სეჟურნე კიევში, 24 თებერვალი, 2025
Julien De Rosa/AFP via Getty Images

ევროკავშირმა უკრაინას "კრიტიკული წიაღისეულის" შესახებ საკუთარი შეთანხმება შესთავაზა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი კიევთან წიაღისეულ რესურსებზე წვდომაზე შეთანხმებასთან ახლოსაა. 

ევროკომისარმა ინდუსტრიული სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ მან  კონკურენტი შეთავაზება ჩამოაყალიბა, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირებს 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის თავთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, კიევში წარუდგინა. 

"იმ 30 კრიტიკული მინერალისგან, რომელიც ევროპას სჭირდება, უკრაინას 21-ის მიწოდება შეუძლია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ფარგლებში". - AFP-ს ცნობით, თქვა სეჟურნემ. 

ევროკომისარმა დაამატა, რომ "დამატებითი ღირებულება, რომელსაც ევროპა [უკრაინას] სთავაზობს, არის ის, რომ ჩვენ არასდროს მოვითხოვთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორმხრივად სარგებლიანი არ არის". 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის დაწყებიდან ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების "ასანაზღაურებლად" რამდენიმე კვირის წინ უკრაინისგან 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათ წიაღისეულზე წვდომა მოითხოვა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა დროს წარდგენილი ორი შეთანხმების ხელმოწერაზე უარი, ვინაიდან განაცხადა, რომ მათი პირობები - რომლებიც New York Times-ის ცნობით მოიცავდა კიევის მიერ იშვიათი წიაღისეულისგან, ნავთობისგან და ბუნებრივი რესურსისგან მიღებული შემოსავლის დიდი წილის დათმობას და ამასთან, ნავსადგურებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან მიღებულ შემოსავლებს, სანამ აშშ-ს 500 მილიარდ დოლარს საბოლოოდ არ გადაუხდიდა - ზედმეტად უხეში იყო. 

"ხელს არ მოვაწერ იმას, რისი გადახდაც უკრაინელთა 10 თაობას მოუწევს". - თქვა ზელენსკიმ 23 თებერვალს გამართულ ფორუმზე. 

თუმცა ამის მიუხედავად ტრამპმა მეორე დღეს, 24 თებერვალს განაცხადა, რომ "საბოლოო შეთანხმება" "ძალიან ახლოსაა" და მასში შევა "იშვიათი წიაღისეული და სხვა რაღაცები". 

კომენტარები