23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-3 წლისთავამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან უკრაინის სამომავლო გეგმებზე, აშშ-ს მხარდაჭერის საკითხზე, დონალდ ტრამპსა და ასევე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე ისაუბრა.
გადადგომა უკრაინის უსაფრთხოების სანაცვლოდ
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი მზად არის, მშვიდობის ან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობიდან გადადგეს:
"მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს. ან გავცვალო თანამდებობა NATO-ს წევრობაზე. მე ყურადღებას ვუთმობ უკრაინის დღევანდელ უსაფრთხოებას, და არა - 20 წლის შემდეგ და მე ხელისუფლებაში ათწლეულობით არ დავრჩები, ასე რომ, ეს არის ჩემს ყურადღების ცენტრში, ესაა ჩემი ოცნება". - თქვა მან.
აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმება
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა აშშ-სა და უკრაინას შორის ძვირფას წიაღისეულსა და მინერალებზე შეთანხმების საკითხთან დაკავშირებითაც. მან აღნიშნა, რომ არ აპირებს აშშ-სთან ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას, თუ ეს ნიშნავს, რომ მისი გადახდა უკრაინელების 10 თაობას მოუწევს.
უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მინერალებზე შეთანხმებაში მთავარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება უნდა იყოს და დაამატა, რომ მსგავსი გარანტიების არ არსებობის შემთხვევაში, უკრაინა აშშ-სთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორივე მხარისთვის უნდა იყოს მომგებიანი, რადგან, მისი თქმით, "ტრამპი მარადიული არ არის", ხოლო უკრაინას მშვიდობა მრავალი წლით სჭირდება.
"ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ პუტინი არ დაგვესხმება თავს, სანამ ტრამპი თანამდებობაზეა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და გარანტიები, რომელიც უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე ტრამპი და პუტინი". - ამბობს ის.
ამას გარდა, მან დაამატა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით დისკუსიებში $500 მილიარდის მოცულობის პრეტენზია აღარ განიხილება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პუტინის თავდასხმას ბერკეტად იყენებს, რათა 100%-იანი ანაზღაურება ნახოს უკრაინისადმი სამომავლო დახმარებიდან. მისი თქმით, შეთანხმების ამჟამინდელი პირობები გულისხმობდა, რომ უკრაინას 2 დოლარი უნდა გადაეხადა აშშ-ს დახმარების ყოველი ერთი დოლარისთვის:
"თუ აშშ, ჩვენი მეგობრული პარტნიორები, კონგრესში ხმას მისცემენ, რომ დახმარების მხრივ $50 მილიარდი მოგვცენ, ჩვენ ვალდებული ვართ, $100 მილიარდი დავუბრუნოთ. კითხვა მაქვს, რომელზე გულწრფელად პასუხიც არავის შეუძლია. როდესაც აშშ შეიარაღებას ჰყიდის ისრაელს, კატარს, [გაერთიანებულ არაბთა] საამიროებს, საუდის არაბეთს, ისინი მათგან 100%-იან დამატებით ხარჯს ითხოვენ?". - თქვა მან.
სამშვიდობო მოლაპარაკებები
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ცენტრალური ფიგურა უკრაინაა და რომ მისი ქვეყანა წყვეტს, ვინ უნდა იყოს მაგიდასთან წარმოდგენილი:
"ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, სადაც უკრაინას უბრალოდ იწვევენ. ეს ჩვენი მაგიდაა და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ეს ჩვენი მაგიდაა, რადგან ომი უკრაინაშია. ეს ჩვენ ვართ, ვინც იწვევს, პირველ რიგში, ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რადგან ომი უკრაინაშია და ჩვენ ამ კონტინენტის განუყოფელი ნაწილი ვართ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ტრამპის $500-მილიარდიანი პრეტენზია
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს დახმარება $100 მილიარდს შეადგენს, და არა - $500 მილიარდს, როგორც ამას დონალდ ტრამპი ამტკიცებს. ხოლო აღნიშნული $100 მილიარდი, მისი თქმით, უკრაინას აშშ-მ გრანტის სახით გადასცა.
"არ ვაპირებ 500 მილიარდის პრეტენზია მივიღო, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. არც კი ვარ მზად, ვაშინგტონთან $100 მილიარდის გადახდა განვიხილო, რადგან ეს გრანტი იყო და არა - სესხი. მე ბაიდენთან შევთანხმდი, რომ ეს გრანტია - გრანტი კი ვალი არ არის. გრანტს ჩვენ არ დავაბრუნებთ". - დაამატა მან.
ევროპული ჯარი
ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ დროა საერთო ევროპული ჯარი შეიქმნას, რომლის გამაერთიანებელი პლატფორმაც უკრაინა იქნება.
"მე გამოვდივარ წინადადებით, რომ უკრაინა გამაერთიანებელი პლატფორმა იყოს - პირველი ნაბიჯი გაერთიანებული ევროპული არმიისკენ - ევროპის შეიარაღებული ძალებისკენ. და მე ნათქვამი მაქვს, რომ ეს ექსპერიმენტი არ არის, არამედ მნიშვნელოვანი ინიციატივა უსაფრთხოების კუთხით. ამ კონტინგენტის განლაგება უკრაინაში შეიძლება. ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ, განვავითარებთ სტრატეგიებს, ერთმანეთს ექსპერტიზას გავუზიარებთ. ერთმანეთს გავაცნობთ ახალ ტექნოლოგიებსა და დრონებს. გავწვრთნით მათ, ვისაც ეს სახმელეთო ომისთვის სჭირდება, თუ როგორ უნდა ებრძოლო თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ მტერს". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





