24 თებერვალს, გაერომ კენჭი უყარა უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც რუსული ჯარის გასვლას მოითხოვს. კენჭისყრაზე სერბეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას.
მოგვიანებით, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს თავი უნდა შეეკავებინა ხმის მიცემისგან და ბოდიში მოუხადა სერბ ხალხს.
"ვფიქრობ, სერბეთმა დღეს შეცდომა დაუშვა. ბოდიშს ვუხდი სერბეთის მოქალაქეებს და ვაღიარებ ჩემს ბრალს, რადგან, ალბათ ვიყავი დაღლილი და გადატვირთული, ყველაფრის გაკონტროლება ვეღარ მოვასწარი. სერბეთს თავი უნდა შეეკავებინა". – თქვა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის ბოდიშის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში სერბულ ენაზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ჩვენ ვიცით, რომ სერბი ხალხი არ გვიღალატებს. ვგრძნობთ სერბი ხალხის სიყვარულს. დანარჩენი მოგვარებადია. გამარჯვება კი ჩვენი იქნება! იმიტომ, რომ ნეონაციზმი უნდა დამარცხდეს"!
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ევროპული მხარდაჭერით უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დაუყოვნებლივ ჯარების გაყვანას მოითხოვს. აშშ-მ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.