ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ძალისხმევის ფარგლებში, "გაიწმინდოს" აშშ-ს ფედერალური სამსახურები, ამერიკელმა ფედერალურმა თანამშრომლებმა ელექტრონული მეილები მიიღეს, რომლებიც მათ ეკითხებათ, თუ რა სამუშაო შეასრულეს გასული კვირის განმავლობაში. როგორც მეილების გაგზავნამდე მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, მეილებზე პასუხის არგაცემა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის ტოლფასი იქნებოდა.
ელექტრონული მეილი ფედერალურმა თანამშრომლებმა აშშ-ს პერსონალის მენეჯმენტის ოფისის ადამიანურის რესურსების მართვის დეპარტამენტიდან მიიღეს, თუმცა მეილებში ვინმეს ოფიციალური ხელმოწერა არ ყოფილა. მეილის თემის სეგმენტში ეწერა შეკითხვა: "რა გააკეთეთ გასული კვირის განმავლობაში".
"გთხოვთ, უპასუხოთ ამ ელექტრონულ მეილს დაახლოებით 5 პუნქტით, თუ რა სამუშაო შეასრულეთ გასულ კვირას და გადაუგზავნეთ ის თქვენს მენეჯერსაც". - აღნიშნულია მეილში.
თუმცა, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე სააგენტომ, მათ შორის, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), და სხვა ფედერალურმა დეპარტამენტებმა თანამშრომლებს ურჩიეს, დაუყოვნებლივ არ ეპასუხათ ელექტრონული მეილისთვის, რაც, როგორც CNN წერს, მიუთითებს იმაზე, რომ ფართო აღმასრულებელ ორგანოს ამგვარ მოთხოვნაზე ინფორმაცია არ ჰქონდა და ამისთვის არც მზად იყო.
ფედერალური თანამშრომლებისთვის აღნიშნული ელექტრონული მეილების გაგზავნა უკავშირდება ილონ მასკის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას.
"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინსტრუქციების შესაბამისად, ყოველი ფედერალური თანამშრომელი მალე მიიღებს ელექტრონულ მეილს, რომელშიც მოთხოვნილი იქნება [ინფორმაცია], თუ რა გააკეთეს მათ გასული კვირის განმავლობაში". - დაწერა მასკმა 21 თებერვალს X-ზე მას შემდეგ, რაც ტრამპმა ურჩია, რომ უფრო "აგრესიული" ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მასკმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ მეილზე პასუხის გაუცემლობა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებად იქნებოდა აღქმული, ეს მეილში აღნიშნული არ იყო. შეტყობინებაში მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ პასუხის გაცემისთვის საბოლოო ვადა ადგილობრივი დროით 24 თებერვლის 23:59 საათი იყო.
ფედერალური დასაქმების კანონმდებლობის ექსპერტის, მაიკლ ფოლინგის თქმით, მასკს არ შეუძლია, აიძულოს ფედერალური თანამშრომლები, დატოვონ პოზიციები, ხოლო ამის იძულება თანამშრომლების მათი ნების წინააღმდეგ გათავისუფლების ტოლფასი იქნებოდა.
"მასკის კომენტარებს სამართლებრივი უფლებამოსილება არ გააჩნია". - თქვა ფოლინგმა და დაამატა, რომ ფედერალური თანამშრომლებისგან გასული კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მოთხოვნა "უსაფუძვლო და არასაჭირო მოთხოვნაა", განსაკუთრებით არასამუშაო დღეებში გაგზავნილი, რომელიც "ანგარიშის ჩაბარების" თვითნებურ საბოლოო ვადას შეიცავს.