Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა კიევს აცნობეს, რომ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინას ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სისტემაზე წვდომა შეეზღუდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ 3 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე უკრაინის განგრძობადი წვდომის საკითხი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრებზე გახმოვანდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ შეთანხმებაზე კიევისთვის გაცემული ამერიკული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აშშ-ს მიერ უკრაინის წიაღისეული რესურსების 50%-ის დაუფლებაზე.
Starlink-ის ინტერნეტი მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს უკრაინას რუსეთთან ომში საბრძოლო მოქმედებების წარმატებით და კოორდინირებულად განხორციელებისთვის.
გამოცემის წყაროების თქმით, საკითხი კვლავ წამოიჭრა 20 თებერვალს უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრაზე.
წყაროსვე ცნობით, შეხვედრის დროს ზელენსკის უთხრეს, რომ უკრაინას Starlink-ის გარდაუვალი გათიშვა ემუქრება, თუ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
"უკრაინა Starlink-ზე მუშაობს. ისინი მოიაზრებენ მას, როგორც ჩრდილოეთის ვარსკვლავს. Starlink-ის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნებოდა". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, ომის დაწყებიდან, 3 წლის განმავლობაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების "ასანაზღაურებლად", უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული გადაეცა აშშ-სთვის. ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ იყო. მისივე თქმით, დოკუმენტი უკრაინისთვის წიაღისეულის სანაცვლოდ რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ან რაიმე მსგავსს არ ითვალისწინებდა.
თუმცა, 21 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და უკრაინული მხარეები მუშაობდნენ, რათა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკრაინასთან წიაღისეულზე წვდომის შესახებ გამარტივებული შეთანხმების დადებას ცდილობს, რათა ის სწრაფად იქნეს მიღწული, ხოლო კონკრეტული პირობები შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდეს, მაგალითად, წიაღისეული რესურსების რა ნაწილი გადაეცემა აშშ-ს.
გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან და ის შესაძლოა დღესაც კი, 22 თებერვალს გაფორმდეს.
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის რამდენიმე ასეული ტერმინალი გადასცა. 2022 წლის ივლისისთვის 15,000 ტერმინალი უკრაინის მასშტაბით უფასო სატელიტურ ინტერნეტს უზრუნველყოფდა.
იმავე წლის დასასრულს მასკმა კონფლიქტზე ხედვა შეიცვალა. სექტემბერში უკრაინის სამხედრო დანაყოფები Starlink-ის ტერმინალებს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ბაზაზე მართვადი დრონებით თავდასხმისთვის ვეღარ იყენებდნენ. უკრაინამ სცადა, დაერწმუნებინა ილონ მასკი, რომ Starlink-ის სერვისი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიის ფარგლებშიც გაეაქტიურებინა, თუმცა ეს არ მოხდა.