რუსეთი

ორეშნიკის ქობინების ტემპერატურა მზის ტემპერატურას შეესაბამება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უყურებს სამხედრო თვითმფრინავებს ახტუბინსკში, ასტრახანის ჩრდილოეთით, 2019 წლის 14 მაისს.
MIKHAIL SVETLOV/GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, ორეშნიკის ქობინები მზის ტემპერატურას უძლებს.  

"ორეშნიკის შესახებ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. და მასალა როგორია? ამ ქობინების ტემპერატურა მზის ტემპერატურას შეესაბამება. მზის ზედაპირის ტემპერატურას". - თქვა პუტინმა. 

პუტინმა თქვა, რომ მსგავსი სისტემების დამზადება 80-იანი წლების ბოლოსაც იგეგმებოდა, თუმცა საამისოდ რუსეთში შესაბამისი მასალა არ იყო, რომელიც მაღალ ტემპერატურას გაუძლებდა. მისივე თქმით, ახალი კონსტრუქციები "ახალ მასალებზე მუშაობის შედეგია". 

გასული წლის 21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმის დროს რუსეთმა ორეშნიკის კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.

28 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სხდომის შემდეგ ლუკაშენკომ თქვა, რომ პუტინს "ეხუმრა", კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებაზე. ამ სისტემას ბირთვული შესაძლებლობა გააჩნია.

6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება.

კომენტარები