რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: აშშ G7-ის განცხადებაში ომის შესახებ რუსეთისთვის აგრესორის წოდებაზე უარს ამბობს

© Maxim Shipenkov/EPA-EFE/Shutterstock

აშშ უარს ამბობს რუსეთისთვის აგრესორის წოდებაზე G7-ის განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლის შესახებ. ინფორმაციას Financial Times 5 დასავლელ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს

ამასთან, G7-ის ვირტუალურ სამიტში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის შესახებაც არ მიღწეულა შეთანხმება. 

უთანხმოება რუსეთისთვის აგრესორის წოდებაზე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებებს უკავშირდება. ტრამპმა გასულ დღეებში განაცხადა, რომ ომი უკრაინამ დაიწყო, ზელენსკი "უარჩევნებო დიქტატორია" და სურვილი გამოთქვა, რომ რუსეთი კვლავ მოიწვიონ G7-ის ფორმატში. 

Financial Time-ის ცნობით, G7-ში აშშ-ს წარმომადგენლები შეეწინააღმდეგნენ "რუსული აგრესიისა" და მსგავსი ფრაზების გამოყენებას, რომელთაც G7-ის სხვა ლიდერები 2022 წლიდან იყენებენ კონფლიქტის აღსაწერად. 

G7-ის წევრი სახელმწიფოები - მსოფლიოს ლიდერი ეკონომიკები, 2022 წლის შემდეგ ყოველ 24 თებერვალს ტრადიციულად ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. 

"ამერიკელები ბლოკავენ ასეთ [ფრაზებს], თუმცა ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ამაზე და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით". - უთხრა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას. 

რუსეთის აგრესია G7-ის გასული წლის განცხადებაში 5-ჯერ იყო ნახსენები. 

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიის ომი დ სრულად და უპირობოდ გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან". - ეწერა 2024 წლის განცხადებაში. 

წყაროების თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს, შერბილდეს ენობრივი ფორმები და აღიწეროს ომი, როგორც "უკრაინის კონფლიქტი", რაც გამოცემის შეფასებით, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს. 

ამავე ფრაზებია ნახსენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებებშიც, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში რუსეთის საგარეო მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ. განცხადებაში ორჯერაა ნახსენები "კონფლიქტი უკრაინაში". 

ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, წინა, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ განცხადებების გაკეთების დროს ხშირად იყენებდა ფრაზას "რუსული აგრესია". 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და, ფაქტობრივად, უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ.

ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.

2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.

მოგვიანებით, 19 თებერვალს, ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და დაამატა, რომ მან "სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება". 

კომენტარები