კირ სტარმერს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ყველას ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გვერდზე წერია, სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტს, როგორც დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"სრულიად გონივრულია ომის დროს არჩევნების შეჩერება, ისე, როგორც ეს გაერთიანებულმა სამეფომ ქნა მეორე მსოფლიო ომის დროს". – წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.
გარდა ამისა, სტარმერმა დაადასტურა რომ მხარს უჭერს აშშ-ს მიერ წამოწყებულ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელიც რუსეთს ნებისმიერი მომავალი აგრესიისგან შეაკავებს.
თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ Telegram-ში დაწერა ზელენსკიმ და სტარმერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
"ვისაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამყარებაში გაერთიანებული სამეფოს როლი.
ვიმსჯელეთ მომავალ პერსპექტივებზე და შესაძლებლობებზე. ბრიტანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, და არასდროს დავივიწყებთ ბრიტანელი ხალხის პატივისცემას უკრაინის და ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
მადლობა მხარდაჭერისთვის".





