უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, კით კელოგის უკრაინაში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მან საკუთარი თვალით ნახოს, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან კიევისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გაიაროს, რათა ნახოს, რეალურად რა სიტუაციაა და ამით გაიფანტოს რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. [...] მე მინდა, რომ მან ყველაფერი თავისით ნახოს და შემდეგ გაესაუბროს ხალხს იმის შესახებ, ენდობიან თუ არა თავიანთ პრეზიდენტს, ან ენდობიან თუ არა პუტინს. ტრამპზეც ჰკითხოს, თუ რას ფიქრობენ, იმ კომენტარების შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააკეთა" – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზადაა, კელოგთან ერთად ფრონტის ხაზთან მივიდეს, რათა აშშ-ს წარმომადგენელმა საკუთარი თვალით ნახოს სიტუაცია.
"მნიშვნელოვანია, უბრალოდ გავიდეს და დაელაპარაკოს ხალხს. თვითონ აარჩიოს, სად წავა. მას აქ ელჩი ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს. შემდეგ, მე მზად ვარ, ფრონტის ხაზზე წავიდე მასთან ერთად. ჩვენ წავალთ და ის შეძლებს, გაესაუბროს სამხედროებს" – თქვა ზელენსკიმ.
აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი 19 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა.
კელოგს კიევის სადგურში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.
კიევში ვიზიტის შესახებ საუბრისას, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "ეს არის პოტენციური მოლაპარაკებების გამართვის კარგი შანსი".
"ჩვენ მოგისმენთ. მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილი არის მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები აშშ-ში, ვესაუბრები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვიგებთ" - ამბობს კელოგი
კელოგმა ასევე გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა.
"მან [ტრამპმა] კარგად იცის, რომ ხალხი იტანჯება, ესმის, რამდენი ნგრევაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს" – აღნიშნა კელოგმა.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, იმ ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.





