რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე: მე ვიცავ უკრაინას, მას ვერ გავყიდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Getty Images

პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ მოაწერა მან ხელი აშშ-სთან იშვიათი მინერალების შეთანხმებას.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ პირველადი შეთავაზების მიხედვით, აშშ უკრაინის მინერალებზე 50%-იან მფლობელობას მოიპოვებდა, თუმცა, დოკუმენტში არ იყო ნახსენები უსაფრთხოების გარანტიები, რასაც უკრაინა სანაცვლოდ მიიღებდა.

"მე ვიცავ უკრაინას, არ შემიძლია მისი გაყიდვა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავყიდი" – ამბობს ზელენსკი.

გამოცემა NBC წერს, რომ რვა ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, 12 თებერვალს, კიევში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ შედგენილი ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა.

მათივე ცნობით, ზელენსკიმ ბესენტის წარდგენილი დოკუმენტის გაცნობისა და შესწავლისთვის დრო მოითხოვა, რათა შეთანხმებისთვის მიუნხენში მიეღწიათ.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, 14 თებერვალს კი უკრაინამ აშშ-ს მინერალების ორმხრივ შეთანხმებაზე დოკუმენტის საკუთარი ვერსია გადასცა, შეხვედრა კი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამასთან, გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენში ამერიკელი სენატორების ორპარტიულ დელეგაციასთან 90-წუთიანი შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ტრამპის გუნდის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

ანონიმური წყაროს თქმით, ზელენსკის "ჰქონდა განცდა, რომ მას დაუსაბუთებლად სთხოვდნენ ხელის მოწერას ისეთ რამეზე, რისი წაკითხვის შანსიც კი არ ჰქონდა".

წყაროს ცნობით, ზელენსკიმ აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე საკუთარი გეგმა განიხილა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინული კონსტიტუციის დაცვით იყო შედგენილი.

კომენტარები