ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა DeepSeek-მა სამხრეთ კორეაში, დროებით, თავისი აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შეაჩერა, რადგანაც კომპანია მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების მოსაგვარებლად. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა 17 თებერვლას განაცხადეს.
სამხრეთ კორეის პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიის ცნობით, DeepSeek-ის აპლიკაცია ამოღებული იქნა App Store-ისა და Google Play-ის სამხრეთ კორეული ვერსიებიდან. კომპანია დათანხმდა, აპლიკაციის თავიდან გაშვებამდე, გაამკაცროს პერსონალური მონაცემების დაცვის ზომები.
კომისიის საგამოძიებო განყოფილების დირექტორმა, ნამ სოკმა, სამხრეთ კორეელ მომხმარებლებს ურჩია, წაშალონ აპლიკაცია თავიანთი მოწყობილობებიდან ან თავი შეიკავონ პერსონალური ინფორმაციის შეყვანისგან, სანამ პრობლემები არ მოგვარდება.
სამხრეთ კორეის ბევრმა სამთავრობო უწყებამ და კომპანიამ უკვე დაბლოკა DeepSeek თავიანთ ქსელებში ან აკრძალა მისი გამოყენება სამუშაო მიზნებისთვის, იმ შიშით, რომ AI მოდელი მეტისმეტად ბევრ სენსიტიურ მონაცემს აგროვებს.
კომისიამ, რომელმაც DeepSeek-ის მომსახურების გადახედვა გასულ თვეში დაიწყო, დაადგინა, რომ კომპანიას მესამე მხარის მონაცემთა გადაცემის საკითხში არ ჰყოფნიდა გამჭვირვალობა და შესაძლოა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს აგროვებდეს, განაცხადა ნამ სოკმა.
კომისიას არ აქვს ზუსტი მონაცემები რამდენი მომხმარებელი ჰყავს DeepSeek-ს სამხრეთ კორეაში. თუმცა, Wiseapp Retail-ის ბოლო ანალიზის მიხედვით, იანვრის მეოთხე კვირაში DeepSeek-ს სამხრეთ კორეაში დაახლოებით 1.2 მილიონი სმარტფონ მომხმარებელი ჰყავდა, რაც მას ChatGPT-ის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარულ AI მოდელად აქცევს.





