პატიმრების წამება

ოჯახი გლდანის ციხის ბადრაგებს ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებს

ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ეტლით მოსარგებლე პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გუჯეჯიანის სიკვდილამდე ცემაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლის მტკიცებით, დავით გუჯეჯიანი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი წამების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.

"ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივა მედში. სასტიკი წამების, ცემის და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.

ხშირად ნაცემ მდგომარეობაში იყო, იმის მიიუხედავად, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო - ვითხოვდი დახმარებას, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ.

ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე - ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს იმიტომ, რომ ორ დღეში სასამართლო სხდომა ჰქონდა დავითს და თავის მოწესრიგება უნდოდა და სხვისი ნახმარი საპარსი შეუტანეს.  

ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ - შეიძლება, იმის გამოც ეჩხუბათ და ეცემათ, სულ რატომ წევხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ, ადექი, გაიარეო.

თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია.

თუ ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, უნდა დაერეკათ ჩემთან, დონორთან - სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. პატიმარი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ სუნთქავდა და ცოცხალი იყო". - თქვა გუჯეჯიანის მეუღლემ

ტაბულამ მეტი დეტალის გარკვევა პენიტენციურ სამსახურთან სცადა, რაზეც პრესცენტრმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ საჭიროა წერილობითი მიმართვა უწყებასთან.

გარდაცვლილი პატიმრის დედის თქმით, გუჯეჯიანი ვივა მედის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

"4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიეტნციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივა მედში.

რატომ მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო.

სავარაუდოდ ეგრე ხდება, დავით დარასელიასთან, გარდაცვალება რომ იციან წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ "ვივა მედში" და იქ "აპრავებენ", რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს.

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს, დავით დარასელიას, შენ ვინ დაგაყენა მანდ, შე ჯალათო!

რამდენი პატიმარი უნდა შემოგაკვდეს?!" - თქვა დავით გუჯეჯიანის დედამ.

მომხდარის შესახებ ტაბულა ასევე დაუკავშირდა ომბუდსმენის აპარატს, სადაც განაცხადეს, რომ სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის გარდაცვალებამდეც სწავლობდა მის საქმეს.

 

კომენტარები