უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი, შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შემდეგი წლისთვის გეგმავდეს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ წელს წვრთნებისთვისა და ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად 15 დივიზიას გაამზადებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენში ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
"ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. [...] ისინი შეიძლება შევიდნენ უკრაინაშიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას [პუტინს] ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს". - თქვა ზელენსკიმ.
ურაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სცენარში 100%-ით დარწმუნებული არ არის და იმედოვნებს, რომ ამის თავიდან არიდება მოხერხდება.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მკიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს.
დღეს, 14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუნხენში აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკებენ.
"რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. უკრაინაც დაპატიჟებულია". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა თქვა, რომ უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრას არ აპირებს.