რუსეთი-NATO

რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში NATO-სთან ომის საფრთხეს აჩენს – ჯეიმს სტავრიდისი

Pier Marco Tacca—Getty Images

ევროპაში NATO-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისიმ Politicos-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში NATO-სთან ომის საფრთხეს აჩენს. 

მისი თქმით, ზღვაზე ესკალაციამ, შესაძლოა, კიევის პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად ჩარევა აიძულოს.

"რუსეთის ქმედებები შავი ზღვის წყლებში ქმნის ესკალაციის რეალურ საფრთხეს, რაც, შესაძლოა, NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო ომშიც კი გადაიზარდოს". - თქვა სტავრიდისმა.

მან ასევე დასძინა, რომ NATO უკრაინას შეიარაღებასა და ფულს იმისთვის არ აწვდის, რომ უყუროს, როგორ ახშობს რუსეთი უკრაინის ეკონომიკას უკანონო ბლოკადით. 

სტავრიდისმა ისაუბრა შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შეამოწმეს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი თურქული სატვირთო ხომალდი. მომხდარი მან მეკობრეობას შეადარა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ უკრაინასა და ევროპას შორის ვაჭრობა შეაფერხოს. 

ადმირალის თქმით, თუ რუსეთი სატვირთო ხომალდების ჩამორთმევას ან მათ "დაშინებას" შეეცდება, მაშინ არსებობს დიდი ალბათობა, რომ NATO-ს პასუხი ჰუმანიტარული დერეფნის მხარდაჭერა იქნება, რაც უკრაინული პორტებიდან მოძრავი სატვირთო გემების NATO-ს სამხედრო ხომალდებისა და ავიაციის გამოყენებით დაცვას გულისხმობს.


18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები