რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სტარმერმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების "შეუქცევად გზაზეა"

კირ სტარმერი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი 
Stefan Rousseau/PA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გაიმეორა დიდი ბრიტანეთის "ერთგულება უკრაინის NATO-სკენ მიმავალი შეუქცევადი გზის მიმართ". ინფორმაციას Financial Times ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადება უკავშირდება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის მიერ მიმდინარე კვირაში გაკეთებულ განცხადებას, რომ აშშ-ს "არ ჰგონია, რომ უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი".

პრემიერმინისტრის ოფისის პრესსპიკერის თქმით, სტარმერმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ალიანსში უკრაინის სამომავლო გაწევრიანებაზე "გასულ წელს [NATO-ს წევრები] ვაშინგტონის სამიტზე შეთანხმდნენ". 

ამასთან, სტარმერმა ზელენსკის უთხრა, რომ "უკრაინის ურყევ მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს საჭიროა" და დაამატა, რომ "უკრაინა უსაფრთხოების უფრო ძლიერ გარანტიებს, შემდგომ სამხედრო დახმარებასა და სუვერენულ მომავალს საჭიროებს და შეუძლია, [ამ ტიპის მხარდაჭერის გაზრდის მხრივ] დიდ ბრიტანეთს ენდოს. 

Financial Times-ის ცნობით, უკრაინის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახლო კონტაქტს შეინარჩუნებენ. 

კომენტარები