სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება - წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია - ზარზმის" დირექტორი, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული, არქიმანდრიტი ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძე აღარ იქნება, თუმცა ის რჩება ადგიენში "ზარზმის" აკადემიის დირექტორად.
გეწაძე ა(ა)იპ-ის დირექტორად გასული წლის დეკემბერს დაინიშნა. ინფორმაცია მედიაში 6 თებერვალს გავრცელდა, ხოლო 7 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო რეესტრს დირექტორის ცვლილების მოთხოვნით მიმართა. ცვლილება რეგისტრირებული ჯერ კიდევ არ არის.
როგორც SKnews-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა, ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს "მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა არ ისურვა მომჩივანის წინაშე თავის მართლება" - არქიმანდრიტს ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
გეწაძის სულიერმა შვილმა, ნიკოლოზ ბერიძემ სამხრეთის კარიბჭეს გადასცა აუდიო მასალა, სადაც მისი თქმით, სასულიერო პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს. აუდიო ჩანაწერში ისმის "ღვთის წინაშე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, ვაკოცე ერთი [საუბარია ტუჩებში კოცნაზე]".
საჯარო რეესტრში არქიმანდრიტის ა(ა)იპ-ის დირექტორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს მიიღეს. დოკუმენტს ხელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი აწერს.