ნიკოლოზ გეწაძე

არქიმანდრიტი, რომელსაც ქალები ამხელენ ახალციხის მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორად დაინიშნა

ნიკოლოზ გეწაძე
SKnews

სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება - წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია - ზარზმის" დირექტორად არქიმანდრიტი ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძე დაინიშნა, რომელსაც, როგორც SKnews-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა, მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს "მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა არ ისურვა მომჩივანის წინაშე თავის მართლება" - არქიმანდრიტს ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

"არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძესთან დაკავშირებით გიპასუხებთ: დღევანდელი მოცემულობით, არქიმანდრიტ ნიკოლოზს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს და გადაყვანილია ზარზმის მონასტრიდან. საქმე ეხება მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, რომელსაც თავად მამა ნიკოლოზი არ აღიარებს. ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მეუფე თეოდორემ, სასჯელის ეს ფორმა გამოიყენა მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა არ ისურვა მომჩივანის წინაშე თავის მართლება". - ჯაღმაიძის წერილი სამხრეთის კარიბჭემ 30 იანვარს გამოაქვეყნა.

გეწაძის სულიერმა შვილმა, ნიკოლოზ ბერიძემ სამხრეთის კარიბჭეს გადასცა აუდიო მასალა, სადაც მისი თქმით, სასულიერო პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს. აუდიო ჩანაწერში ისმის "ღვთის წინაშე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, ვაკოცე ერთი [საუბარია ტუჩებში კოცნაზე]".

საჯარო რეესტრში არქიმანდრიტის ა(ა)იპ–ის დირექტორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს მიიღეს. დოკუმენტს ხელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი აწერს.

კომენტარები