რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი უარყოფს, რომ რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე იერიში მიიტანა. 

"საუბარიც კი ვერ იქნება, რომ იერიშები ხდება ატომური ინფრასტრუქტურის, ბირთვული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რაღაც ობიექტებზე. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს ასე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. რუსი სამხედროები ამას არ აკეთებენ, არ აკეთებენ. საუბარია მორიგ პროვოკაციაზე, გაყალბებაზე. ეს არის სწორედ ის, რაც კიევის რეჟიმს უყვარს და, ზოგჯერ, რისი კეთებაც არ ერიდება". - თქვა პესკოვმა. 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 14 თებერვლის ღამით რუსულმა დრონმა ჩერნობილის განადგურებული ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა. მისივე თქმით, სადგურზე ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს და რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა (ГСЧС) ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე რუსული დრონის იერიშის შემდეგ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებს არ გასცდენია. სამსახურის ცნობით, მონიტორინგი მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გარდა ამისა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სტრუქტურასთან აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, "კმაყოფილების დრო არ არის, IAE განგაშის მაღალ დონეზე რჩება".

"რადიაციის დონე შიგნით და გარეთ ნორმალური და სტაბილურია. დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის. IAEA ვითარების მონიტორინგს აგრძელებს". - წერს სააგენტო.

კომენტარები