რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა – უკრაინა

უკრაინის ცნობით, ჩერნობილის განადგურებული ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი რუსულმა დრონმა დააზიანა
X/iaeorg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 14 თებერვლის ღამით რუსულმა დრონმა ჩერნობილის განადგურებული ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა. მისივე თქმით, სადგურზე ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს და რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. 

ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

"გასულ ღამეს ფუგასური ქობინის მქონე რუსულმა სამხედრო დრონმა დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს. [...]

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საფარი ამ დრონის შედეგად დაზიანდა. ხანძარი ჩამქრალია. ამჟამად, რადიაციის დონე არ გაზრდილა და მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ არის. პირველადი შეფასებებით, საფარის დაზიანების დონე მაღალია". - წერს ზელენსკი.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ დამცავ სარკოფაგზე უკრაინა მრავალ სხვა სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა. მისივე თქმით, ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ასეთ ობიექტზე იერიშის მიტანა შეუძლია, რუსეთია. 

"ამ საფარს უკრაინა აშენებდა ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ამერიკასთან ერთად, ყველასთან ერთად, ვისაც ხალხისთვის ნამდვილი უსაფრთხოება სურს. მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ასეთ ობიექტებზე თავდასხმა, ატომური სადგურების ტერიტორიის ოკუპირება და შედეგების გათვალისწინების გარეშე საომარი ქმედებების წარმოება შეუძლია, დღევანდელი რუსეთია. ეს მთელი მსოფლიოსთვის ტერორისტული საფრთხეა". - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ის არა მოლაპარაკებებისთვის, არამედ მსოფლიოს მოტყუებისთვის ემზადება.

"ყოველ ღამით, რუსეთს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებზე ასეთი იერიშები მიაქვს. რუსეთი განაგრძობს თავისი არმიის  ზრდას და მისი შეშლილი, ანტიადამიანური სახელმწიფო რიტორიკის ცვლილების არანაირ ნიშანს არ ავლენს. ეს ნიშნავს, რომ პუტინი მოლაპარაკებებისთვის ნამდვილად არ ემზადება - ის მსოფლიოს მოტყუების გაგრძელებისთვის ემზადება". - წერს ზელენსკი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა (ГСЧС) ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე რუსული დრონის იერიშის შემდეგ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებს არ გასცდენია. სამსახურის ცნობით, მონიტორინგი მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გარდა ამისა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სტრუქტურასთან აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, "კმაყოფილების დრო არ არის, IAE განგაშის მაღალ დონეზე რჩება".

"რადიაციის დონე შიგნით და გარეთ ნორმალური და სტაბილურია. დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის. IAEA ვითარების მონიტორინგს აგრძელებს". - წერს სააგენტო.

კომენტარები