კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპარლაენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის თქმთ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას იმ სიკეთეების დაკარგვა, რომელიც საკუთარი შრომითა და სისხლით მოიპოვა და ამისთვის, "უნდა ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ შეასრულოს რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა, დანიშნოს ახალი არჩევნები - ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან".
"დღეს ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი, უმწვავესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსიც ჩვენ არ გვინახავს დღემდე და ეს არის შედეგი იმ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის სწორედ ივანიშვილის და ქართული ოცნების დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედებების შესახებ.
რეზოლუციაში ასახულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა მის წევრ ქვეყანას, არ აღიაროს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება. უწოდებს მას თვითმარქვია ხელისუფლებას, თვითდანიშნულ თანამდებობის პირებს, ამავდროულად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორმხრივ საფუძველზე გამოიყენოს ყველა შესაძლო სასანქციო მექანიზმი და იწონებს, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ჩეხეთის მიერ მიღებულ ორმხრივ სანქციებს და ამავდროულად, საუბარია იმაზე, რაც არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ის უდიდესი სიკეთეები, რაც ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, თავისი სისხლის ფასად - EU-სთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, უვიზო გადაადგილების საშიშროება - ყველაფერი ეს ქართულმა ოცნებამ დააყენა საფრთხის ქვეშ.
რეზოლუციაში ასახულია, რომ თუკი ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სანუკვარი და მიღწეული იქნა ამდენი შრომის შედეგად. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა მოვახერხოთ, უნდა ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ შეასრულოს რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა, დანიშნოს ახალი არჩევნები - ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ". - თქვა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც ძალოვნებს, ისე მოსამართლეებს, სანქციები დაუწესონ.