უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ (СНБО) უკრაინის ყოფილი, მე-5 პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციების მიღების გადაწყვეტილება მიიღო.
სანქციები ძალაში უკრაინის პრეზიდენტის მიერ ბრძანების ხელმოწერის შემდეგ შედის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ СНБО-ს სანქციების მიღების შესახებ რადას სხდომის დასრულების შემდეგ, 12 თებერვალს ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუმცა დასანქცირებულთა გვარები არ დაუსახელებია.
"ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველამ, ვინც ანგრევდა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს, პასუხი უნდა აგოს. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის, მისი ინტერესებისა და უსაფრთხოების გაყიდვით მოიპოვეს, უნდა გაიყინოს და მოხმარდეს უკრაინისა და უკრაინელების დაცვას. და ასეც იქნება, აუცილებლად" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
სანქციების მიღების გადაწყვეტილებას თავად პეტრო პოროშენკოც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "უკრაინის შიდა ერთიანობაზე კოლოსალური დარტყმაა".
აქამდე, Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა კვლავ სურს, თუმცა, მისივე აზრით, მანამ, სანამ ხმის მიცემის პროცესი გაიმართება, საჭიროა საბრძოლო მოქმედებების დასრულება.