რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

СБУ-ს მეთაურმა თავად დააკავა პირი, რომელიც უწყებაში რუსეთისთვის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

СБУ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საკუთარ რიგებში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წევრი გამოავლინეს. 

Украинская правда-ს ინფორმაციით, ჯაშუშობაში ბრალდებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულ შტაბს ხელმძღვანელობდა. 

"მოღალატე დღეს დილით პირადად დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უწყების თავმჯდომარემ, ვასილ მალიუკმა". - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

უწყება არ ასახელებს ჯაშუშის გვარს, თუმცა გამოცემა Украинская правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ადამიანი პოლკოვნიკი დმიტრო კოზიურაა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯაშუშის მიერ უკანონო მოქმედებების 14 ეპიზოდი დაფიქსირდა.

"სპეციალური ოპერაციის ყველა ეტაპზე ვასილი მალიუკი უშუალოდ აბარებდა ანგარიშს უმაღლეს მთავარსარდალს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის". - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

მალიუკის თქმით, ჯაშუშის ტელეფონსა და კომპიუტერში შიფრირებული პროგრამების ჩანერგვის გზით შეაღწიეს. "ჩვენ ფაქტობრივად მასთან ერთად ვცხოვრობდით, ვაწარმოებდით აუდიო და ვიდეო კონტროლს. ამ პროცესში ჩვენ შევძელით ხარისხიანად დაგვეფიქსირებინა ინფორმაცია, რომელსაც მოღალატე აგროვებდა და მტერს გადასცემდა". - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა

გამოცემის ინფორმაციით, ამ ადამიანის მეშვეობით უკრაინული მხარე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მტერს დეზინფორმაციას აწვდიდა.

უსაფრთხოების სამსახურმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სპეციალური ოპერაციის დეტალებზე დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

კომენტარები