აშშ-უკრაინა

Bloomberg: ამ კვირაში აშშ-ს ფინანსთა მინისტრი უკრაინას რესურსების შეთანხმებაზე სასაუბროდ ეწვევა

სკოტ ბესენტი

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი ამ კვირაში უკრაინას ეწვევა, რათა აშშ-სთვის უკრაინის წიაღისეულებზე წვდომის მოლაპარაკებები დაიწყონ.

ბესენტი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელი, რომელიც კიევს მას შემდეგ ესტუმრება, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინის ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული.

თეთრი სახლის სპიკერმა Bloomberg-თან გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი არ გააკეთა.

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე ტრამპის ადმინისტრაციის "სერიოზულ ხალხს" შეხვდებოდა.

ამას გარდა, მცირე ხნის წინ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ სამხედრო დახმარების მიღებაზე თანახმა იქნებოდა. "თუ გარიგებაზე ვსაუბრობთ, იყოს გარიგება, ჩვენ ამაზე მხოლოდ თანახმა ვიქნებით," - ამბობდა ის.

უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს სხვადასხვა იშვიათი მინერალების საბადოები. მსგავს რესურსებს შორისაა ურანი, ტიტანი, ლითიუმი და გრაფიტი. მთავრობის შეფასებით მადნეულის ღირებულება შესაძლოა ტრილიონობით დოლარს უტოლდებოდეს.

კომენტარები