რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინა და რუსეთი კურსკის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

Russia Defense Ministry Press Service via AP

უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლება კურსკის ოლქში უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ადამიანის უფლებების კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა. 

"ჩვენ ამ საკითხზე უკრაინასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ახლოს ვმუშაობთ. არსებობს იმედი დადებითი გამოსავლისთვის". - თქვა მოსკალკოვამ ჟურნალისტებთან, თუმცა გეგმის ან მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია. 

კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გასული წლის აგვისტოში მოულოდნელი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1500 რუსი მოქალაქე ცხოვრობს. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც კურსკი უკრაინის იერიშის შემდეგ დატოვეს, უკრაინის არმიის ცნობით, დაახლოებით 3000-ს შეადგენს. 

ჰუმანიტარული დერეფნის იდეა თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაახმოვანა. ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინა დერეფნის გახსნის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად იყო. 

10 თებერვალს კრემლში განაცხადეს, რომ ისინი "ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია", რათა დაეხმარონ კურსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსებს, თუმცა ზელენსკის წინადადება განცხადებაში არ უხსენებიათ. 

კურსკის რეგიონიდან გადასახლებული მოქალაქეების ნაწილი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის იერიშიდან თითქმის 6 თვის განმავლობაში მათი საკითხის უგულებელყოფაში ადანაშაულებდა. აღნიშნულმა ჯგუფებმა ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს, რითაც რუსეთის მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კომპენსაციის სიმცირე გააპროტესტეს. 

კომენტარები