ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში უკრაინაში მიმდინარე ომში დაჭრილი ასობით რუსი სამხედრო მკურნალობს.
"ბოლო წლებში, რუსების მიმართ დადებითი დამოკიდებულება კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ამ ძმობის კარგი მაგალითია, რომ [უკრაინასთან ომში] ასობით დაჭრილი რუსი სამხედრო კორეულ სანატორიუმებსა და საავადმყოფოებში მკურნალობს" – ამბობს რუსეთის ელჩი ინტერვიუში.
ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 10 თებერვალს კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ.
"კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დადებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი უცვლელად დაუჭერს მხარს და წაახალისებს რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან ქმედებას, დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა" – თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად 10 000 - 13 000 სამხედრო გაგზავნა. აქედან, 3 000-ზე მეტი ან დაიღუპა, ან დაიჭრა.
ამასთან ერთად, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით 2024 წელს რუსეთში ათასობით მუშა გაგზავნა.
რადიო თავისუფლება რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 13 221 მოქალაქე შევიდა, რაც წინა წელზე თორმეტჯერ მეტია. აქედან, ნახევარზე მეტმა მიზეზად "განათლების მიღება" დაასახელა.