საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროები

კობახიძე: არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები

კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე
საქართველოს მთავრობა

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. კობახიძემ დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს მიმართა. 

"ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვები და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის  თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს“ - თქვა კობახიძემ

ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში

"თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის ჩატარებას უწყობს ხელს, არამედ მას  მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს.

მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველას საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში.

რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის" - ამბობს კობახიძე. 

ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში იმართება. 

მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც სამიტის ვებსაიტზე 29 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული. სინამდვილეში, სამიტზე დასწრებას ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აპირებს. 

ივანიშვილის წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასული თვის ბოლოსაც იყვნენ, მაშინაც ქართულ დელეგაციას კობახიძე ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები