რუსეთი

რუსეთი არმიის "დისკრედიტაციისა" და "სანქციებისკენ მოწოდების" შესახებ მუხლებს გაამკაცრებს

10 თებერვალს კანონპროექტების განხილვის საკითხებზე რუსეთის სამთავრობო კომისიამ მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებს, რომლებიც რუსული არმიის "დისკრედიტაციისა" და "სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებისთვის" სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

გამოცემა Коммерсант-ის ინფორმაციით, მუხლებში შეტანილი ახალი განსაზღვრებების მიხედვით, თუ კი სანქციებისკენ მოწოდობები იქნება "ანგარებით ან დაკვეთით" მოტივირებული ბრალდებულს დაეკისრება ერთიდან სამ მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

აქამდე აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ათას რუბლამდე და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ამასთან, დეპუტატების წინადადების მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაშიც, თუ მოქალაქე ადრე ანალოგიური ადმინისტრაციული მუხლით არ ყოფილა დასჯილი.

მსგავსი შესწორებები ასევე შევა "არმიის დისკრედიტაციის" მუხლში. თუმცა მილიონ რუბლამდე ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე ვადით უცვლელი დარჩება.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ამ "დანაშაულების შედეგად მიღებული ქონების კონფისკაციას".

გამოცემა Коммерсант-თან ინტერვიუში ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ მსგავსი მუხლების გამკაცრება შესაძლოა შეეხოს ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, ადვოკატებს, სოციოლოგებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და სამეცნიერო საზოგადოებას.

"ანგარებით დანაშაულის ჩადენა ნიშნავს, რომ ის ჩადენილია მატერიალური სარგებლის მიღების ან ფინანსური დანახარჯების თავიდან აცილების მიზნით. ეს შეიძლება იყოს როგორც ხელფასები, ასევე გრანტები" - ამბობს ადვოკატი ალექსანდრ კარავაევი.

კომენტარები