რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

FT: რუსეთში შიშობენ, რომ დასავლური წნეხი რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენაში უშლის ხელს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი
Dmitry Astakhov/AFP/Getty Images

გამოცემა Financial Times-ის მიხედვით, რუს მაღალჩინოსნებს სჯერათ, რომ დასავლეთიდან წამოსული წნეხი მოსკოვს ხელს უშლის, პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსული ორბიტისკენ მიიზიდოს და გლობალურ სამხრეთთან ეკონომიკური კავშირები დაამყაროს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა რუსეთის მთავრობიდან გაჟონილ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

FT-მ მოიპოვა საპრეზენტაციო დოკუმენტი, რომელიც 2024 წლის აპრილში პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით გამართულ სტრატეგიულ სესიაზე წარადგინეს და იგი ასახავს, თუ რა ზიანი მიაყენა უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა რუსეთის კავშირებს ახლო მოკავშირეებთან.

რუსული ანალიზის მიხედვით, დასავლური სანქციებით გამოწვეულმა წნეხმა, ისევე როგორც მათი მხრიდან ეკონომიკური კავშირების დამყარების მცდელობებმა, წარმატებით გააჩინა მოსკოვსა და მის ახლო სავაჭრო პარტნიორებს შორის დაპირისპირება. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტი მთავრობის ათეულობით ოფიციალურ პირსა და რუსეთის სამთავრობო კომპანიების მოწინავე აღმასრულებელ დირექტორებს წარუდგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე კრემლის პროპაგანდისტი, სერგეი კარაგანოვი, რომელიც წარსულში პუტინს ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისკენაც მოუწოდებდა, და ასევე რუსი პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინიც.

მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ამბიციაა, რომ ევრაზიული სავაჭრო ბლოკის ცენტრად პოზიციონირებით, რუსეთმა გლობალურ ვაჭრობასთან წვდომა აღიდგინოს, ხოლო ბლოკის მიზანი აშშ-ს, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკურ გავლენებთან ბრძოლა უნდა იყოს.

ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია "მაკრორეგიონის" შექმნაზე, რომელიც რუსეთის გრძელვადიანი პროექტი იქნება და უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე დასავლეთთან უკრაინის მომავლის შესახებ ნებისმიერი პოტენციური მოლაპარაკებები, რათა "გლობალურ არენაზე" რუსეთის პოზიცია გამყარდეს.

დოკუმენტში წერია, რომ ახალი რუსული ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში, რუსეთი გლობალურ სამხრეთს უნდა დაუკავშირდეს ნედლეულზე წვდომის უზრუნველყოფით, ფინანსური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებით, და საერთო "მსოფლმხედველობის" ქვეშ გაერთიანებით, რომელშიც "ჩვენ ვწერთ ახალი მსოფლიოს წესებს [და გვაქვს] საკუთარი სანქციების პოლიტიკა".

თუმცა, FT-ს ცნობით, რუსი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ გლობალურ დონეზე კვლავ გამოცოცხლების მხრივ დაბრკოლებები არსებობს. დოკუმენტის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნები, ერთი მხრივ, წარმატებით დაემუქრნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, დამორჩილებოდნენ სანქციების რეჟიმს და, მეორე მხრივ, იმ გლობალურ ბაზარზე, სატრანსპორტო დერეფნებსა და მიწოდების ჯაჭვებზე წვდომა შესთავაზეს, რომელიც მოსკოვის გვერდის ავლით არსებობს.

ხოლო რუსეთის მოკავშირეები, ამავდროულად, სანქციების რეჟიმიდან მოგებას ნახულობდნენ, რადგან ბიზნესებს რუსეთის იურისდიქციის დატოვებას აიძულებდნენ, საექსპორტო და საიმპორტო ნაკადებზე კონტროლს ამყარებდნენ და წარმოება რუსეთიდან სხვაგან გადაჰქონდათ.

რუსული ანგარიშის მიხედვით, გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო, რათა ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსულ ორბიტაზე შეინარჩუნონ. FT-ის მიხედვით, ეს საერთო ისტორიასა და დამოუკიდებლობის პატივისცემაზე აპელირებას გულისხმობს, თუმცა ასევე იმის გათავისებასაც, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გამარჯვება დასავლეთისგან სანქციების წნეხის შემსუბუქებისთვის საკმარისი არ იქნება.

დოკუმენტის დასკვნით, ქვეყნებს მოუწევთ, "რუსეთის მიმართ საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ".

რუსულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბელარუსი მათთვის ყველაზე წარმატებული მაგალითია და შედარებულია ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება, რომ ქვეყნისთვის რუსეთისგან ეკონომიკური დივერსიფიკაციაა საჭირო, 2024 წლის განცხადებასთან, როდესაც ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსი "მუდამ ერთიანი იქნება რუსეთთან".

კომენტარები