აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პლატფორმა X-ზე ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ რუსულ ენერგოსისტემასთან კავშირის გაწყვეტას გამოეხმაურა.
"ბალტიის ქვეყნებმა შეაჩერეს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან. ვულოცავ ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ქსელთან სინქრონიზაციას". - დაწერა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ეს გადაწყვეტილება ისტორიული მიღწევაა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუბიომ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ამერიკული ენერგო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
8 თებერვალს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საკუთარი ელექტროენერგეტიკული სისტემების კავშირი რუსეთის ენერგოსისტემასთან გაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ენერგოოპერატორები ავრცელებენ. ეს ნაბიჯი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების გეგმას წარმოადგენს.
ბალტიის ქვეყნები ევროპის ელექტროენერგეტიკულ ქსელში პოლონეთის გავლით ინტეგრირდებიან. ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთის სინქრონიზაციის პროექტში ჯამში 1.6 მილიარდი ევრო (1.7 მილიარდი დოლარი) არის ინვესტირებული, რომელთა უმეტესობა ევროკავშირის სახსრებით დაფინანსდა.
7 თებერვალს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, ამ ნაბიჯს X-ზე "თავისუფლებისა და ევროპული ერთობის გამარჯვება" უწოდა.





